საზოგადოება ძალოვან სისტემას აპროტესტებს, მთავრობა კი ეკონომიკური პრობლემების მიზეზით მიდის - გიორგი მარგველაშვილი

14 ივნისი 2018, 00:00 1669 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა იმ გადაწყვეტილების გამო, რა მოტივითაც დატოვა თანამდებობა პრემიერმა და შესაბამისად მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა.  გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან სოციალური თემატიკაზე აპელირება გაუგებარია, რადგან ერთი თვის წინ, პარლამენტში  უმუშევრობის პრობლემაზე მისი აქცენტი, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის". 

"ერთი თვის წინ ვისაუბრე მე პარლამენტში ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაზე, სრული მიუღებლობა ჰქონდათ ამ თემეზე უმრავლესობას, თუმცა უცებ UNICEF-ის კვლევამ მათთვის  ცხადი გახადა ქვეყნაში არსებული ვითარება და ეს პრობლემა", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, თუმცა ის ვერ შეაფასებს კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად და წარუმატებლად. 

"ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არ ხდება კონცენტრირება. ვხედავთ, რომ საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ძალოვანი სტრუქტურებში არსებულ სისტემას და საუბრობს მართლმსაჯულების კუთხით არსებულ პრობლემებზე. უკვე ერთი თვეა საზოგადოება  მყარ პოზიციას აფიქსირებს, რომ საჭიროა ცვლილებები, თუმცა მთავრობა წასვლის მთავარ ვერსიად მმართველი გუნდი გვაწვდის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას.  თურმე ეკონომიკა ვერ აუგია კვირიკაშვილის მთავრობას და ამიტომ მიდის პრემიერი, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება დახასიათდეს, როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში