ზაზა სარალიძე: დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომლებმაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს

22 ივნისი 2018, 00:00 1538 ნახვა

მკვლელობის პირველივე დღეს, ბავშვებმა პირდაპირ დამისახელეს ის სამი პიროვნება, რომლებმაც ჩემს შვილზე დანა აღმართეს თუ რა იარაღიც აღმართეს, ესენია გ.ჯ, მ.კ და მღვდლის შვილი, – ამის შესახებ ხზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე ხანი დამჭირდა, ზუსტად გამერკვია, ეს პიროვნებები ნამდვილად იყვნენ თუ არა, რაც ნამდვილად დადასტურდა ყველანაირად, არამხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ გამოძიების მხრიდანაც. პროკურატურამ თვითონ დამანახა, ეს პიროვნებები ვინ იყვნენ და რა იყვნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ

მოკლული დავით სალარიძის მამის თქმით, არავინ ინტერესდება საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტს წინ რა უძღოდა. 

„ ფაქტია, ხორავას ქუჩაზე ყველა მისულს ჰქონდა იარაღი.  პატარა ბავშვები არ დადიან იარაღით გარჩევაზე, მითუმეტეს სკოლის პერიოდში. ეს იყო შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომ იქ ვიღაც უნდა დაჭრილიყო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, კონფლიქტის რაღაც ეტაპზე მხარეების შერიგებაზეც იყო საუბარი, რა დროსაც, მის შვილსა და გ.ჯ-ს შორის ვითარება დაიძაბა.

„ზოგი ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა და სიგარეტის ნამწვი ესროლა. რატომ შეაგინა, ვიცი, ამასაც ვიტყვი. გ.ჯ-მ ხელი აუქნია დათოს, არ ვიცი, შეიძლება, შემთხვევით აუქცია და მოხვდა რასაც, ალბათ, იუკადრისებდა პატარა ბავშვებს ხომ არ გააჩნიათ უკან დახევის უნარი. რატომ აუქნია ხელი და რა მოხდა, ამას არავინ ამბობს, ფაქტია, დაიძაბა სიტუაცია ჩემს შვილსა და გ.ჯ- ს შორის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც მან საგამოძიებო კომისიის წევრებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ურტყამდა ყველა დავით სარალიძეს, როდესაც მის გვერდით სხვა მოსწავლეებიც იდგნენ, რომელთაც არავინ შეხებია.

„ვიცოდი, რომ ეს ბავშვები რაღაცას იტყუებოდნენ, მკვლელობის ნაწილში საერთოდ არეულები იყვნენ და არაფერს ლაპარაკობდნენ. ფაქტია, მკვლელობის ნაწილს მალავდნენ თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში