''ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ'' - სოზარ სუბარი

26 ივნისი 2018, 00:00 1806 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მოქმედი მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა. 

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეს არის, რომ – არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, – განაცხადა მინისტრმა.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ის არც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

''ძალიან კარგად მესმის, რომ პიროვნებებთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ დიდია. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავად გააკეთებს განცხადებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა დრო დარჩა შესაბამის ცვლილებებამდე. დაახლოებით მომდევნო კვირის ბოლომდე პარლამენტი შეძლებს ამ კანონპროექტის დამტკიცებას და შესაბამისი ცვლილებები ძალაში შევა'' .  

ახლადანიშნული პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება. ხოლო მის ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმუშავებს. 

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს. 

ამავე კატეგორიაში