ბათუმის გენერალური გეგმა - ბათუმის მერების გადაულახავი გამოწვევა

09 ივლისი 2018, 00:00 3390 ნახვა

ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმის მომზადება, ყველა მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი იყო, თუმცა ქალაქი ამ დრომდე ქაოტურად, ნაწილობრივ,  განაშენიანების წინასწარ განსაზღვრული რეგულაციების გარეშე შენდება.

მდგომარეობის შეცვლის პირობა, თანამდებობაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგაც არაერთხელ დადო ლაშა კომახიძემ, ბათუმის ამჟამინდელმა მერმა.

დოკუმენტის მომზადება, რომელსაც თვითმმართველ ორგანოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ 2005 წლიდან, ანუ ამ კანონის ხელმოწერის დღიდან ავალდებულებს, მზად 2020 წლამდე იქნება. 

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმს სივრცითი ტერიტორიული განვითარების გეგმა სჭირდება, რომელიც ხუთი ძირითადი დოკუმენტისგან შედგება და ის ბევრ მნიშვნელოვან დეტალს მოიცავს. მერის განმარტებით, მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება რთული არ იქნებოდა, თუმცა წლების შემდეგ სხვა მიმართულებით ბევრი პრობლემა გამოჩნდებოდა. 

''ეს არის ძალიან სერიოზული ხუთი დოკუმენტი. მანამდე ჩვენ გვქონდა საუბარი მხოლოდ ერთზე. ოპონენტებიც მიწათსარგებლობის გენგეგმაზე საუბრობდნენ. ასეთ შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში შეგვეძლო გამოგვეცხადებინა ტენდერი და დაგვეწყო მუშაობა. მაგრამ გაივლიდა წელიწადნახევარი და აღმოჩნდებოდა, რომ ამ დოკუმენტის გარდა, არ გვექნებოდა 4 უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სწორედ ამიტომ ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჩამერთო პროცესში მაღაკვალიფიციური სპეციალისტები და შეგვემუშავებინა ტექნიკური დავალება, გაცილებით უფრო ვრცელი და ძლიერი'' - ამბობს ლაშა კომახიძე. 

ბათუმის მერის თქმით, გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება მზად უახლოეს დღეებში იქნება, დაიწყება საჯარო განხილვები, გამოცხადდება ტენდერი და საზოგადოების ფართო წრეებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება. 

'' ძალიან ბევრი ვინმე საუბრობს განვითარების გეგმაზე, მაგრამ ძალიან ცოტას გააჩნია ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რაზე საუბრობს. როგორც წესი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და გაგონილი თემების ერთმანეთთან გადაბმას ახდენდნენ, ცდილობენ საკითხი ამ ჭრილში წარმოაჩინონ. იმ მომენტში, როდესაც მე შევუდექი საქმიანობას მერის რანგში, მერიაში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება იდო. მის სრულყოფაზე მუშაობა დაიწყო. ამაში ჩართული იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ჩემი ყოველდღიური კონტროლით, ჩართულობით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა პროცესი, ამან შედეგი გამოიღო. უახლოეს დღეებში, მზად ვიქნებით გამოვაცხადოთ ტენდერი ამ დოკუმენტის შესყიდვაზე. ამ ეტაპზე, ტექნიკურ დავალებაში მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალები დარჩა დასაზუსტებელი'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლაშა კომახიძემ. 

ბათუმის მერი, გენგეგმის შემუშავების ხელოვნურად გაჭიანურების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეჭვების დონეზე საუბარი მისთვის მიუღებელია. ''ეჭვების დონეზე თუ ვისაუბრებთ, ამბობენ ენას ძვალი არა აქვსო. ასე ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება. მეორეა მოცემულობა, რომელიც დღეს არის. დოკუმენტის შემუშავებას სჭირდება ძალიან დიდი დრო, თუმდაც მხოლოდ ტექნიკური დავალების შესრულებას, ასევე დიდი ადამიანური რესურსიც, პროცესი დროში არ გაჭიანურებულა.'' 

ლაშა კომახიძე გუშინ, გადაცემა ''კვირის მთავარის'' სტუმარი იყო. ვრცლად იხ. ლინკზე

ამავე კატეგორიაში