საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

11 ივლისი 2018, 00:00 1318 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა, აგრეთვე არსებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ითქვა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ტემპს გაზრდის. იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც იწყებს პროგრამების განხორციელებას.

შეხვედრისას, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ნაწილში მნიშვნელოვნად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც მიმდინარე წლის  18-20 ივლისაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში