მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს უმაღლეს საბჭოში ჭიშკარი ჩაუკეტეს

13 ივლისი 2018, 00:00 8161 ნახვა

მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდნენ, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. 

ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, ასევე ''ქართული ოცნების'' მიერ დასახელებულ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საკუთარი მოსაზრებები გააცნონ. 

მურმან დუმბაძის თქმით, მას აქვს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს 2020 წლამდე ნებისმიერ საჯარო უწყებაში თავისუფლად შევიდეს. 

''ეს ჭიშკარი დაკეტა არა გიორგი მარგველაშვილმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა'' - ამბობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი. 

მურმან დუმბაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა მას განუმარტეს, რომ  გაფრთხილებული არიან შენობაში არ შეუშვან. 

ისინი გიორგი მარგველაშვილს უმაღლესი საბჭოს შენობასთან, შემოფარგლული ტერიტორიის მიღმა ელოდებიან. 

რატომ ვერ შედიან მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოში? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმაღლეს საბჭოში მუშაობს და ინფორმაციას აზუსტებს. 

მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 2012-2016 წლებში. დუმბაძემ ''ქართული ოცნების'' რიგები 2014 წელს დატოვა.  მედეა ვასაძეც ''ქართული ოცნების“ წევრი იყო. მან პარტია 2015 წლის თებერვალში დატოვა. მაშინ გუნდიდან წასვლის მიზეზად ვასაძემ  ოცნების პოლიტიკა დაასახელა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში