ვინ გახდება ოპოზიციის რჩეული?

14 ივლისი 2018, 00:00 1581 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის ნაწილი დღეს აცხადებდა, რომ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტისთვის წარსადგენი კანდიდატი უკვე შეარჩიეს. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები დღის ბოლომდე მისი ვინაობის დასახელებაც გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ ისინი კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში არიან და რეგიონში მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით განხილვების დასრულების შემდეგაც გახდება ცნობილი წარადგენს თუ არა ოპოზიცია კანდიდატს და ვის. შესაძლოა არჩევანი რამდენიმეზე გაკეთდეს.

დღეს უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია არმაზ ახვლედიანის, მალხაზ ნაკაშიძისა და ჯემალ ინაიშვილის შესაძლო კანდიდატურებთან დაკავშირებით. არმაზ ახვლედიაზე  კონსულტაციები დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წარმომადგენელმა დაადასტურა. გიორგი ცინცქილაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. არმაზ ახვლედიანი ბათუმში იმყოფება. კონსულტაციებთან დაკავშირებით კომენტარს იგი მოგვიანებით გააკეთებს. ოპოზიცია კანდიდატის დასახელებას ხვალ აპირებს.

ამავე კატეგორიაში