ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია ლავასოღლს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - შსს

18 ივლისი 2018, 00:00 3263 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აჭარასა და თბილისში ქურდულ სამყაროსთან  კავშირის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

ასევე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე ''ლავასოღლს''

''ფარული მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებულ ე.წ. კანონიერ ქურდს, მინდია ლავასოღლს კანონიერი ქურდობისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'' - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

მინდია გორაძე, იგივე ''ლავასოღლი'' საზღვარგარეთაა. ის ბათუმში მყოფ პირებს ტელეფონით ეკონტაქტებოდა და ''ქურდულ გარჩევებში'' ამ ფორმით მონაწილეობდა. 

''მინდია ლავასოღლი  საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“.

კახაბერ საბანიძის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი - საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.

კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” წინასწარი პატიმრობიდან 2017 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს

"ლავასოღლი" სამართალდამცველებმა 2015 წლის 31 დეკემბერს მოლდოვაში დააკავეს, მისი დეპორტაცია კი საქართველში 2016 წლის 30 იანვარს განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში