რატომ აეკრძალა დელტაპლანების მეპატრონეების ნაწილს ფრენა - სააგენტოს პასუხი მოქალაქეს, რომელმაც ხეზე ხელი მიიჭედა

27 ივლისი 2018, 00:00 4169 ნახვა

"აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია როგორც ოპერირების ზონაში სხვა საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.  საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი " - ასე გამოეხმაურა  საქართველოს ნავიგაციის სააგენტო მოქალაქის პროტესტს, რომელმაც ხეზე ხელი მიიჭედა

მოქალაქე ვასილ ტაკიძის ინფორმაციით, მას სანაპირო ზოლში დელტაპლანებით ფრენა "საქნავიგაციამ" აუკრძალა და საფრენი აპარატების შესყიდვის დოკუმენტაცია მოსთხოვეს.

მოქალაქემ ეს ფაქტი უკიდურესი ფორმით გააპროტესტა და აჭარის მთავრობას მოსთხოვა შუამდგომლობა, სახელმწიფო უწყებებს მისი საქმიანობისთვის ხელი არ შეეშალათ. 

მოგვიანებით, მოქალაქის პროტესტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა შპს "საქნავიგაციის სააგენტომ" განცხადება გაავრცელა: "სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას.

ვინაიდან მოტოდელტაპლანების მფლობელებმა სააგენტოში ვერ წარმოადგინეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეგისტრაცია" - წერია განცხადებაში.

ნავიგაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ იმ პირებთან შეხვედრა, რომლებიც ოპერირებენ რეგიონში. 10 ივლისს კი მკაცრად მოითხოვეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.  

"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოტოდელტაპლანების ოპერატორების საყურადღებოდ 10 ივლისს გაკეთებულ უსაფრთხოების მითითებას ზოგიერთი ოპერატორის მხრიდან გაღიზიანება მოყვა. ერთ-ერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა, რამაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში მოტოდელტაპლანების უკონტროლო გადაადგილების მიმართ მცდარი შეხედულება წარმოშვას.

სააგენტოს მითითების თანახმად, ოპერატორებს უმოკლეს ვადებში უნდა განეხორციელებინათ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. გარდა ზემოაღნიშნული მითითებისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც არაერთხელ განემარტათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და მიეცათ გაფრთხილება კანონის მოთხოვნების დაცვის შესახებ. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მოტოდელტაპლანების რეგისტრაციის მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აჭარის რეგიონის სანაპირო ზოლში ფუნქციონიერებენ არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას".

ფოტო: iRegions.ge

 

ამავე კატეგორიაში