თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მთავრობის სხდომები საჯარო არ იქნება

31 ივლისი 2018, 00:00 6653 ნახვა

წლებია აჭარის მთავრობის რეგლამენტი მედიასაშუალებებს არ გახსენებიათ, რომელიც ამბობს, რომ მთავრობის სხდომები, როგორც წესი დახურულია. 

აჭარის მთავრობის სხდომები, უმეტესად, ღიად ტარდებოდა და საკითხების განხილვას მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღეს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, პირველივე სხდომა დაიხურა. ჟურნალისტები შენობის მეორე სართულზე არ აუშვეს.  

გადაწყვეტილება რიჟვაძემ აჭარის მთავრობის რეგლამენტით ახსნა. 2008 წელს მიღებულ რეგლამენტში ვკითხულობთ:  "მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ".   

იხ. ლინკი

"მთავრობის რეგლამენტი პირდაპირ განკარგავს სხდომის საჯაროობას. რაც შეეხება მთავრობის სხდომების ფორმატს, პირველ რიგში ვაპირებთ, რომ სხდომები ინტესიურად გაიმართოს. მთავრობის სხდომის დასაწყისი იქნება ღია მედიისთვის და სხდომის შემდეგ მთავრობის წევრები გააკეთებენ განცხადებებს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომაზე  მინისტრთა კაბინეტმა 3 საკითხი განიხილა. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის შესრულება მიმოიხილეს, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის" გაუქმების შესახებ, რომელიც ახლახანს შეიქმნა. კონკურსის გამოცხადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც  სააგენტოებსა და სსიპებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნებიან. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში