აჭარის მთავრობამ ახალშექმნილი სსიპ-ი გააუქმა - კონკურსით შერჩეული დირექტორი კი სახლში წავიდა

31 ივლისი 2018, 00:00 6028 ნახვა

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის  "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის" უფროსად   ოლეგ ბოლქვაძემ მუშაობა 2 ივლისს დაიწყო, თუმცა, კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს უფლებამოსილება ორ დღეში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წავლისთანავე შეუჩერდა. დღეს კი ის სამსახური გაუქმდა, რომლის უფროსადაც ბოლქვაძე შეარჩიეს.  

გადაწყვეტილება სამსახურის გაუქმების შესახებ აჭარის მთავრობამ დღეს მიიღო.  წინამორბედის მიერ შექმნილი სამსახურის ამოქმედება თორნიკე რიჟვაძემ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. 

2018 წლის 2 ივლისს კონკურსში გამარჯვებული ოლეგ ბოლქვაძე   აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. 

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის" უფროსს  ანაზღაურება არ მიუღია, ვინაიდან  ფუნქციონირება  ოფიციალურად არ ჰქონდა დაწყებული".  

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ბუნდოვანია გოგებაშვილის  ქუჩის №40-ში  "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისთვის" გამოყოფილი გასარემონტებელი შენობის ბედიც, რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ 20 000 ლარად შეისყიდა.   

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ იციან რა გადაწყვეტილება იქნებ მიღებული შენობასთან დაკავშირებით: "ამ შენობაში უნდა განთავსებულიყო ახალი სამსახური და სამინისტრომ შეისყიდა 20 000 ლარად საპროექტო-სახარჯტაღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა ამ პროექტით გაკეთებულ ოფისში შესაძლებელია ნებისმიერი საოფისე ორგანიზაცია ან სამსახური შევიდეს, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული" - გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.   

 ვინაიდან პროექტი "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისთვის" იგეგმებოდა, სატენდერო წინადადებაში სპეციფიკური მოთხოვნები იყო გათვალისწინებული.

მაგალითად: მესამე სართულზე არსებულ ფართში სასერვერო ოთახის მოწყობა ვენტილაცია-გაგრილების მუდმივი სისტემით; საერთო დარბაზი, რომლის იატაკი ან ჭერი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სუსტი დენების არხებით;  ასევე, გათვალისწინებული იყო დიზელ-გენერატორისა და UPS ავტომატური სისტემებისთვის ფართის მოწყობა. 

სამინისტროში ამ ეტაპზე არ ფიქრობენ, რომ შენობის პროექტირებაში კორექტირების შეტანა გახდება საჭირო. 

აღსანიშნავია, რომ "ინფორმაციული ტექნოლოგიური სამსახურის" შექმნას დაარსებიდანვე აკრიტიკებდა კერძო სექტორი, რადგან ამ სამსახურს, რომელიც ბიუჯეტით დაფინანსდებოდა, უფლება ექნებოდა კონკურენციაში შესულიყო კერძო სექტორთან, რაც არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა ბიზნესს. 

 

ამავე კატეგორიაში