აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს

07 აგვისტო 2018, 00:00 2620 ნახვა

"მთავრობის სხდომების დახურულობის პრეცენდენტმა შეიძლება ცუდი პრაქტიკა შექმნას და გაუმჭვირვალობისკენ წაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობები, რაც, გარკვეულ წილად, ხდება კიდეც" - არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეს შეფასება, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის მიერ პირველი სხდომის დახურვას მოჰყვა, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მთავრობამ მედიისათვის ღია გახადოს სხდომები და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში დახუროს იგი.

"მთავრობის სხდომების დახურვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის მოპოვებისა და ხელისუფლების კონტროლის მიზნით და წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს ხელისუფლების საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით" - ნათქვამია  ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს, გამოქვეყნდა.

"მიმდინარე წლის 31 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ პირველივე სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურა. მხოლოდ ოპერატორებს მიეცათ შესაძლებლობა სხდომის დასაწყისში 10 წუთი კადრების გადასაღებად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ თავმჯდომარეს არ შეუზღუდავს ჟურნალისტების უფლება დასწრებოდნენ მთავრობის სხდომებს. რიჟვაძის განმარტებით, სხდომის პირველი ნაწილი ღია იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი ხანი გრძელდება პირველი ნაწილი და ოპერატორების გარდა, ჟურნალისტებს თუ მიეცემათ სხდომაზე დასწრების უფლება.

აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვს საქართველოს მთავრობას, რომლის სხდომებიც დახურულია. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ღიაობა კიდევ უფრო შეზღუდა და მე-12 სართულზე, სადაც მთავრობის სხდომები ტარდება, ჟურნალისტები აღარ დაუშვა. მედიის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს მე-3 სართულზე, მედიაცენტრში უნდა დალოდებოდნენ. ოპერატორებს სხდომის გადაღება სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთით შეეძლოთ, რომელიც ძირითადად პრემიერის გამოსვლის ჩაწერასა და კადრების გადაღებას მოიცავდა.

აღნიშნულმა პრაქტიკამ ჟურნალისტების მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა. 2016 წელს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერმა 274 ჟურნალისტმა და რამდენიმე მედია საშუალებამ, სადაც გამოითქვა უკმაყოფილება მედიის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსვლის შემდეგ, წესი მცირედით შეიცვალა - სხდომები ისევ დახურულია, მაგრამ ჟურნალისტები მე-12 სართულზე აჰყავთ, პრემიერი მთავრობის სხდომაზე შესვლამდე განცხადებას აკეთებს, შემდეგ კი მთავრობის წევრებს კვლავ მე-3 სართულზე ელოდებიან. მთავრობის სხდომაზე ოპერატორებიც ვეღარ შედიან და კადრებს ჟურნალისტებს პრესსამსახური აწვდის" - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" ასევე განმარტავს კანონსაც და ამბობს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[3] მიხედვით, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯაროდ წარმართოს სხდომები.

"მთავრობის სხდომის საჯაროობის საკითხს საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ[1] და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილება[2] არეგულირებს, სადაც წერია, რომ “მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის[3] მიხედვით კი, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ხდება პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის განხილვა.

მიუხედავად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების განსხვავებული შინაარსისა, მნიშვნელოვანია, რომ მედიის მთავრობის სხდომაზე დასწრება არც ერთ არსებულ კანონს არ ეწინააღმდეგება - პირიქით, აწესებს ხელისუფლების გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს" - წერია განცხადებაში.

 

ამავე კატეგორიაში