ბარაკების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც მაღალჩინოსნების ნათესავებმა ისარგებლეს

13 აგვისტო 2018, 00:00 3159 ნახვა

2014 წლიდან ბათუმში „არასათანადო - არასტანდარტული საცხოვრისების ლიკვიდაციის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა დღემდე მოქმედებს და მისი მიზანია ქალაქის უსახური შენობებისგან გაწმენდა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

რეალურად კი დღემდე, ბათუმის არც ერთ გარეუბანში, იქ, სადაც გაუსაძლისი პირობებია, ეს პროგრამა არ განხორციელებულა. 

მაგალითად, მაიაკოვსკის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის გვერდით, ადამიანები პირდაპირ რკინიგზის ლიანდაგზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელს მატარებელი ერთი მეტრის მანძილით უვლის.

მაგდანა ყურშუბაძე, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრები, ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს დასახლება შემოღობა და აქ მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქცია, რათა ქალაქის დანარჩენი ნაწილისგან გაემიჯნა. მაგდანა და მისი მეზობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ პროგრამამ მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილი მოიცვა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას  ელოდება  ე. წ. შანჰაის  მოსახლეობაც. არჩევნების წინ მხარისა და ქალაქის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები დასახლებას არაერთხელ ესტუმრნენ და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ. ამ შეხვედრების დეტალებს მზია მირზაშვილი იხსენებს. ხელშეკრულებებზე ''​რეალმშენის''  ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის რამაზ დიასამიძის ხელმოწერაა. ეს ადმიანები მენაშენემ ოფისშიც მიიწვია და დეტალებიც ერთად გაიარეს. „პატარაძე ამ დასახლებაში ინვესტორთან ერთად წინა არჩევნებზე მოვიდა. ახლა ისევ დამირეკეს და მითხრეს ოქტომბერში დაიწყება მშენებლობაო. სექტემბერში არჩევნებია... მგონი შაირს ვნახავ. ასე აღარ შეიძლება.“

როგორც წესი, კომპანია შენობას როგორც ბარაკული ტიპის საცხოვრებელს ისე ანგრევს. თუმცა პრინციპი, რომ პროგრამის განსაზღრულ სტანდარტებს დასანგრევი შენობა-ნაგებობის 70% მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, ხშირად დარღვეულია.

მაგალითად, კომპანია ''​ მშენსერვისმა'' გორგასალის 113-115-117 ნომრებში ნებართვა ოთხ ნაკვეთზე, ჯამში 1 315 კვ მ ფართობზე მიიღო. მოსახლეობა იხსენებს, რომ ამ ტერიტორიაზე ორი კაპიტალური სახლი და ავტოსამრეცხაო იდგა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ კომპანიას თავისი საკუთრება ორმა ოჯახმა გადასცა.

ახალაშენებულ სახლში ბინა გადაეცემა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის დის ოჯახს. დიანა ხაბაძე აქ ავტოფარეხში ცხოვრობდა, ხოლო საკუთარ სახლს კომერციულ ფართად იყენებდა.

(ფოტო სახლების დანგრევამდე, სადაც ჩანს რომ კაპიტალური შენობები იდგა) 

სოციალური პროექტი განხორციელების შემდეგ, სადაც პროექტის მიხედვით, ქალაქში შეუსაბამო შენობები და ბარაკების ტიპის სახლები უნდა დანგრეულიყო.

წყაროს ინფორმაციით, დიანა ხაბაძე ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა თავად მოლაპარაკებებში ჩართულობას უარყოფს - „ჩემთვის ეს ისეთივე მომგებიანი წინადადება იყო როგორც სხვა დანარჩენი მეზობლებისთვის და რატომ უნდა მეთქვა უარი. ხშირია დღეს მშე​ნებლობები ქალაქში. საერთოდ არ ვიცოდი თუ ეს მშენებლობა რაიმე სახის პროგრამაში იყო ჩართული”.

დიანა ხაბაძე ფარეხში შესახლების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ ჰქონდა და დედამთილთან ცხოვრობდა: „ფართი მეზობელ კორპუსში რაც გვაქვს, გავაქირავეთ და ის ჩვენი დამატებითი შემოსავლის წყაროა, აქვე ავიღეთ ფარეხის ტიპის საცხოვრებელი სახლი და ვაკონტროლებდით რესტორანს.

ფოტო: დიანა ხაბაძე, პარლამენტის წევრის და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის და. 

კომპანია „მშენსერვისისთვის“ კ2-ის  7,8 მდე გაზრდის მოთხოვნით ქალაქის მაშინდელ მერს, გიორგი ერმაკოვს არჩილ ხაბაძემ მიმართა. მიუხედავად იმისა რომ ამ ტერიტორიაზე არსებული შენობების 70 პროცენტი არასტანდარტულ-არასათანადო  საცხოვრებელს არ წარმოადგენდა, მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე შუამდგომლობის წერილში წერს:

„მოცემულ მისამართზე მდებარეობს ბარაკების ტიპის უსახური და საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლები. საზოგადოების მიზანია უსახური შენობების დემონტაჟი და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რითაც გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.“

მშენსერვისის“ იურისტი თამარ ბაკურიძე ადასტურებს, რომ კ 2 კოეფიციენტის გაზრდაზე ნებართვის მარტივად მიღება ამ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა.

პროგრამის სახელით კომპანია „ბათუმი ჰაუსმა“ ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ა ნომერში მდებარე სახლიც დაანგრია. მე-19 საუკუნეში აგებულ შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის იყო. ამ ტერიტორიაზე საკუთრებას ფლობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შვილის, გიორგის მეუღლე სალომე ბაჯელიძე. ეს სახლი კომპანიამ ღამის საათებში დაანგრია, რასაც სოციალურ ქსელშიც დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ პროგრამას ხშირად ისტორიული მნიშვნელობის სახლების დასანგრევად იყენებენ.

დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ექსპერტი ტიტე აროშიძე პროგრამის ხარვეზებზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო პროგრამის მთავარი ამოცანა მასში დაბალი კონკურენტუნარიანობის კომპანიების ჩართვა  და გარეუბნებში მშენებლობის დაწყებაზე დათანხმება უნდა ყოფილიყო.

აჭარის ა/რ სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე, რომელიც პროგრამაში მთავრობას წარმოადგენს, ამბობს, რომ პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანხა არ აუთვისებიათ, რაც ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებარე კომპანიებისთვის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობდა:  „პროგრამის უზრუნველყოფის თანხა, თითქმის ამოწურულია. ამიტომ ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია, თუმცა, ვფიქრობ, რომ კრიტერიუმები შესაცვლელი და დასახვეწია იმისთვის, რომ ეს მომავალში გარეუბნებზეც დაგავიდეს“. 

პროგრამის იდეის ამ ფორმით განხორციელებაში კორუფციის კვალს ხედავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი: „იქ სადაც ბანკი და მენაშენე მესამე მხარის ჩართვის გარეშეც ადვილად პოულობს საერთოს სახლემწიფოს ჩართვა რა საჭირო იყო პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ აქ კონკრეტული ჩინოვნიკების მერკანტილურ ინტერესებს.“

პროგრამა დასასრულს უახლოვდება. მან თავისი თავი ისე ამოწურა, რომ ვერც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა და ქალაქიც უსახური შენობებისგან ვერ გაწმინდა. უფრო მეტიც, ცენტრალურ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში მშენებლობები ქაოსურად მიმდინარეობს, რაც ბათუმის იერსახეს არ აუმჯობესებს.

 

მასალა მომზადებულია სტუდია "Rec" მიერ

ამავე კატეგორიაში