განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა - მამუკა ბახტაძე

23 აგვისტო 2018, 00:00 1554 ნახვა

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე.

პრემიერ მინისტრის თქმით, გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. 

''დღეს სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – აღნიშნა პრემიერმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ამ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის ყველა ინტერესი იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავის შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას.

„ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.  

მამუკა ბახტაძის  თქმით, შეხვედრაზე გერმანიის კანცლერს საქართველოს მთავრობის ინიციატივა – საგზაო რუკაც გააცნეს, რომლის მიზანია ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია.

„ქალბატონ კანცლერთან ვისაუბრეთ აგრეთვე იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით, ესენია: ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა. ყოველივე  ეს კი, მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას'' – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

ამავე კატეგორიაში