ჯონ მაკკეინს ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ 

26 აგვისტო 2018, 00:00 1841 ნახვა

ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება. ამერიკელი სენატორის გარდაცვალებას ამერიკელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მაკკეინის ოჯახს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. „ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა“, – მიმართა მათ აშშ-ის პრეზიდენტმა. სამძიმარი გამოთქვა აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც.

„ჩვენი ფიქრები, ლოცვა, თანაგრძნობა მაკკეინის ოჯახს. მადლობა, სენატორო მაკკეინ ერის სამსახურისთვის“, – წერს მელანია ტრამპი „ტვიტერში“. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ასევე „ტვიტერში“ წერს, რომ მეუღლესთან, ქერენთან ერთად უსამძიმრებს რესპუბლიკელი სენატორის ოჯახს და პატივს მიაგებს მის სიცოცხლეს, რომლის განმავლობაშიც ის თავის ხალხს ემსახურებოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე „ტვიტერში“ აქვეყნებს სამძიმრის წერილს. „ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ვიზიარებდით იმ უმაღლესი იდეალის ერთგულებას, რომლისთვისაც ვიბრძოდით“, – წერს ობამა და აღნიშნავს, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მასთან ბრძოლა ღირსეული იყო. აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი მწუხარებას გამოთქვამს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო და წერს: „ის უმაღლესი დონის პატრიოტი იყო“. ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკელი სენატორი სიმსივნის ერთ-ერთი მძიმე ფორმით, აგრესიული გლიობლასტორმიით იყო დაავადებული. დიაგნოზი მას შარშან დაუსვეს და ოპერაცია გაუკეთეს. ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ მაკკეინი რამდენიმე წელი  ტყვედჩავარდნილი იყო. 1987 წლიდან იყო არიზონას  სენატორი.  2008 წელს მაკკეინი რესპუბლიკელების სახელით პრეზიდენტობისთვის  იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. სენატორი  რუსეთის მიმართ ხისტი  მიდგომით  გამოირჩეოდა.  ამის გამო  მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა  და   მუდმივად ლობირებდა საქართველოს  აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში.

ამავე კატეგორიაში