შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოთხოვნა

27 აგვისტო 2018, 00:00 1974 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მოითხოვს, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას. რექტორმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა.

''ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ",- განაცხადა რექტორმა.

სასწავლებლის სტუდენტები დღეს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა. ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით სასწავლებელს სწორედ საგადასახადო დავალიანების გამო შეუზღუდა. 

ილიას ჩილოღლუს პასუხი უკვე გასცეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, მათი განცხადებით, ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების რევიზიას სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოახდენს. 

მათივე თქმით, სასწავლებელმა  უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნესპროცესის უწყვეტობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული სტუდენტთა უფლებები.

ამავე კატეგორიაში