ბათუმის მუნიციპალიტეტში პირველი ონლაინ პეტიციია დარეგისტრირდა

07 სექტემბერი 2018, 00:00 2928 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტში პირველი ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა, სადაც 708 მოქალაქე, საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სურს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის მონაკვეთს, რომელსაც 2010 წელს, სასტუმრო შერატონის მფლობელის, წარმოშობით ლაზი, თურქი ბიზნესმენის სახელი მიენიჭა, გადაერქვას.  

პეტიციაში წერია: "როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კერძოდ, ბათუმის საკრებულოს 2010 წლის, 16 მარტის N44 განკარგულებით, რუსთაველის და გორგილაძის ქუჩების შემაერთებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, მიენიჭა ნურეთინ ჩარმიქლის სახელწოდება.

როგორც წესი, გავრცელებული სამოქალაქო კულტურის მიხედვით, ქუჩისთვის სახელის მინიჭება ხდება, კონკრეტული პიროვნების გლობალური, ეროვნულ-მოქალაქეობრივი დამსახურებისა და შემოქმედებითი ღვაწლის მიხედვით.

მაგალითად მოგვყავს ციტატა, რომელ არგუმენტზე დაყრდნობითაც მაშინდელმა საკრებულოს შემადგენლობამ იხელმძღვანელა: "მოქალაქე ნურეთინ ჩარმიქლის მიერ ქალაქ ბათუმში განხორციელდა ინვესტიცია, რის საფუძველზეც დღეისათვის ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N28-ში განთავსებულია უნიკალური, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების ობიექტი, სადაც ფუნქციონირებს საერთაშორისო იმიჯის მქონე სასტუმრო "შერატონი".

აგრეთვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების დროს, აღნიშნული ქუჩისთვის ნურეთინ ჩარმიქლის სახელის დარქმევა არ იყო საზოგადოების დაკვეთა.

ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი ასრულებდა კონკრეტული ფინანსური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რისგანაც მან მიიღო ფინანსური მოგება. ანუ, შესაბამისად ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი არ ახორციელებდა საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და/ან საქველმოქმედო საქმიანობას. მისი ღვაწლი უნდა შეფასდეს როგორც კონკრეტული ბიზნეს ქმედება.

ჩვენ, პეტიციის ხელმომწერთ, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ბათუმში მდებარე ქუჩას, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას გადაერქვას სახელი და დაერქვას „ქართველი ჯარისკაცის“ სახელი. თუმცა ამასთანავე, ვაცხადებთ სრულ მზაობას, მოცემული ქუჩის ახალი სახელის შესარჩევად იმსჯელოს ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიამ".

ამასთან,  ბათუმელების ის ნაწილი, რომელიც პეტიციას აწერს ხელს, გამოთქვამენ მზაობას, თავად დაფარონ აბრის შეცვლა-დემონტაჟის  ხარჯები.

პეტიციის შექმნა ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, რომელიც მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შედის.  ან შეგიძლიათ საიტზე სხვა თანაქალაქელების ინიციატივებს გაეცნოთ და შეუერთდეთ http://petition.lsg.ge/batumi/about

ამავე კატეგორიაში