11 ორგანიზაცია ტელეკომპანია “იბერიას” საქმის გამოძიებას ითხოვს

26 სექტემბერი 2018, 00:00 1508 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები დროულ რეაგირებას ითხოვენ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ფარულ ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობაც  ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში თანამდებობის პირები მონაწილეობენ. განცხადების თანახმად, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ფარულ აუდიო-ჩანაწერებში ბიზნესის განაწილება, ფონდში, იგივე პარტიაში თანხის გადარიცხვა, ტელევიზია და მანქანების მაღალი თანამდებობის პირებისთვის ჩუქებაა ნახსენები.

ჩანაწერებში ფიგურირებენ ყოფილი მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოდარ ხადური, ლევან ყიფიანი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი,  ასევე ბიძინა ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. განცხადების ავტორები, რომელსაც ხელს 11 ორგანიზაცია აწერს, მიუთითებენ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ეფექტიანი გამოძიების წარმოებაზე, მიმართავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი, ასევე მოუწოდებენ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ვისაც შექმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

ამავე კატეგორიაში