''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'' უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2168 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'' უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში წერია, რომ წინასაარჩევნო  პერიოდში მესამე სექტორი ხელისუფლების მხრიდან უპრეცენდენტო თავდასხმის ობიექტები გახდა. ​ორგანიზაციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავენ. აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ და  კომისიის თავმჯდომარემ პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყო.

''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'' შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას  მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს აკისრებს.

ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია.

''პარტია „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები  - პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად. არასამთავრობოებს „ქართული ოცნების” ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა'' - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში