ბავშვები და სახელმწიფო სტრატეგია. როგორია საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა ხედვა ქვეყნის ყველაზე პატარა მოქალაქეების მიმართ? როგორ უნდა ებრძოლოს ქვეყნის პირველი პირი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს? ან რა შეუძლია გააკეთოს მათთვის, ვისთვისაც ხელმიუწვდომელია განათლება? ჩვენ ვცადეთ ეს ყველაფერი პრეზიდენტობის მსურველებთან გაგვერკვია. მიდგომები განსხვავებულია, შესაბამისად პრიორიტეტიც.
თუმცა ყველა მათგანი მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობს.ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვებს შესაბამისი გარემო შეუქმნას სახელმწიფომ და იზრუნოს მათ მომავალზე, იმის მიუხედავად, რომ ეს პრეზიდენტის კომპეტენციას მათი თქმით , სცილდება. მე აქვე გეტყვით, რომ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ერთი თვის წინ გამოქვეყნდა „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა“. კვლავ აქტუალურია ბავშვთა სიკვდილიანობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები.