გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების მსგავსებაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ''კომენტარის გაკეთებაც არ უნდა''

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1982 ნახვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება პოლიტიკურ კრიზისად შეაფასა და ამ თემებზე სასაუბროდ მთავრობის სხდომაზე დასწრება ითხოვა. მან თქვა, რომ 10 წლის შემდეგ, გირგვლიანის მსგავსად, რუსთაველზე  შვილმკვდარი მშობელი ისევ სამართალს ითხოვს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი ახლა ჩვენი შვილების მომავალს იცავენ. 

გირგვლიანისა და სარალიძის საქმეების მსგავსების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა დაუსვეს. "კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა ამ საკითხზე, თვითონ გააკეთოს პრეზიდენტმა განმარტებები" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  და გიორგი მარგველაშვილი სუბიექტურ შეფასებებში დაადანაშაულა. 

"პრეზიდენტი საუბრობდა პოლიტიკურ კრიზისზე ქვეყანაში. თუ ის კრიზისს უძახის იმას, რომ ორ დღეში გადის უფლებამოსილების ვადა, შეგვიძლია მაშინ ვისაუბროთ კრიზისზე. ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტს აქვს  სუბიეტური შეხედულებები.. " - განაცხადა ბრიფინგზე კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის საქმეს გამოეხმაურა და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მინდა გამოვეხმაურო ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენებზე აქტიურ პოლიტიკურ დისკუსიას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა ზაზა სარალიძეს. ირინა ენუქიძის მსგავსად, ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში