“მარიხუანას პლანტაციების გაშენება იყო თუ არა ივანიშვილის იდეა” - ბიძინა ივანიშვილის განმარტება

24 ოქტომბერი 2018, 00:00 3686 ნახვა

“მარიხუანას სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით წარმოებას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდის ან ორი მილიარდის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით”, - ასე უპასუხა “ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის კითხვას - “მარიხუანას პლანტაციების მოყვანა იყო თუ არა მისი იდეა”.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, საზოგადოებისა და საპატრიარქოს რეაქციებს “ქართული ოცნების” გუნდი ანგარიშს უწევს, რის გამოც, კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.

“კანონპროექტში, რომელიც შევიდა პარლამენტში, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და იქ არსად არ ყოფილა საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე. ვნახეთ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის - საპატრიარქოს.

მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. რაში აქვს ხიბლი ამ წარმოებას და რატომაც შევიდა პარლამენტში ეს კანონპროექტი? კანონპროექტი სანამ შევიდოდა მეც ვმონაწილეობდი განხილვაში. რენტაბელობა არის ძალიან დიდი, რაც ჩემთვის საინტერესოა - 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთი, ორი და სამი წლის განმავლობაში”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მარიხუანას აწარმოებენ და გააქვთ ექსპორტზე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, უზბეკეთი.

“რა თქმა უნდა, შფოთვას, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, ადექვატური რეაქცია მოჰყვა გუნდის მხრიდან და კანონპროექტი არის შეჩერებული. გაგრძელდება მასზე მსჯელობა საპატრიარქოსთან და თუ ვნახავთ, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი არასდროს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არ წავა ახლაც. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პატრიარქს, მის უწმინდესობას, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც გქონდათ.”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში