გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო, ნამდვილი ევროპული წინასაარჩევნო კამპანია ვერ შედგა - პრემიერი

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1909 ნახვა

წინასააჩევნო გარემოსა და პოლიტიკური ძალების მოქმედების სპეციფიკაზეც საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ნამდვილი ევროპული წინასაარჩევნო კამპანია ვერ მოხერხდა. 

''მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილად ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. თითოეული ამომრჩევლის ხმა კი 28 ოქტომბერს დაცული იქნება.

პრემიერი თქმით, არჩევნების მიმდინარეობის დროს წესრიგის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. 

„მინდა ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ მინისტრმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც ისაუბრა.

''მოვუწოდებ ყველას, თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით, ზეპირ განცხადებებთან ერთად, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და კონკრეტულ დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს უფლება და საშუალება განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე კატეგორიაში