ცესკოს წინასწარი საბოლოო შედეგებით არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 50% + 1 ხმა

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2075 ნახვა

ცესკოს წინასწარი საბოლოო შედეგები ცნობილია. შედეგების თანახმად, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 50% + 1 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3692+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.95 პროცენტია.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა 615 403 ხმა - 38.63 %, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37.74 %

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%. წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს თითქმის უბნების 100%-ს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

ამავე კატეგორიაში