''ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება - ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია'' - კახი კალაძე 

29 ოქტომბერი 2018, 00:00 4205 ნახვა

''ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით'' - ეს განცხადება ​''ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

კახა კალაძე ამბობს, რომ გზავნილი მიღებულია. მისივე განმარტებით, საზოგადოებასთან ადეკვატური კომუნიკაცია არ იყო, ძალაუფლებამ ხელისუფლების თვითდაჯერებულობა გაზარდა, რის გამოც ასეთი შედეგი დადგა. კალაძე ფიქრობს, რომ გუნდში პოლიტიკური მენეჯმენტი გასაძლიერებელია. 

''სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან,  ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებისას: გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული“ – თქვა კახი კალაძემ.მისივე თქმით, გზავნილი მიღებულია და „ქართული ოცნება“ მზად არის, გამოწვევას უპასუხოს.

''ქართული ოცნების'' გენერალური მდივანი ამბობს, რომ პარტიამ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარადგინა, რაც ამომრჩევლის ნაკლები აქტიურობის მიზეზი გახდა.  

''დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“, – განაცხადა კალაძემ. 

ამავე კატეგორიაში