11 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

07 ნოემბერი 2018, 00:00 2737 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. 2007 წლის 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო შენობასთან „სირცხვილის კორიდორებიც“ ეწყობოდა.

პარლამენტთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დაანონსდა. 7 ნოემბერს აქციის მონაწილეები დაარბიეს, პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

იმავე საღამოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. იგივე ბედი გაიზიარა მაშინ tv 25-მაც, რომელიც აჭარაში მაუწყებლობდა.  

აქციები დაიწყო ბათუმშიც. ახალგაზრდები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობები იმართებოდა. ახალგაზრდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ. 

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ფაქტზე გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. საქართველოს პროკურატურა 7 ნოემბრის მოვლენებზე ყოფილ მაღალჩინოსნებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ედავებოდა. 

ამავე კატეგორიაში