მე ვიცავ თავისუფლებას - საზოგადოების ნაწილი რუსთაველის თეატრთან შეიკრიბა

07 ნოემბერი 2018, 00:00 2611 ნახვა

რუსთაველის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველის თეატრიდან ქუჩაში გადაინაცვლეს.

თეატრში შეკრებილებს სიტყვით მწერალმა დავით მაღრაძემ მიმართა და მოუწოდა გარეთ გასულიყვნენ და ქუჩაში შეკრებილ მოქალაქეებს შეერთებოდნენ. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება უნდა დაიცვას.

''ცხრა წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლებისთვის იბრძოლა. მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნდება კიდევ უნდა'' - ასე მიმართა შეკრებილებს მწერალმა.

რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულია მონიტორი, ასევე მოწყობილია სცენა. ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ. 

ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“. შეკრების მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ''ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.

ხალხის სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში