''მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით'' - სახალხო დამცველი

12 ნოემბერი 2018, 00:00 1775 ნახვა

სახალხო დამცველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს სადაც წერს, რომ რამდენიმე თვის წინ შეტევის ობიექტი თავადაც გახდა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით და სნაიპერის ტყვიით.

''უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან... სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინებები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან'' - წერს სოციალურ ქსელში ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველი მუქარისა და ძალადობის ფაქტებს  გმობს და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

''ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა, და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებს შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება'' - ამბობს ნინო ლომჯარია. 

ლომჯარიამ მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებიც გაასაჯაროვა.

''აქვე, ვასაჯაროებ რამდენიმე მუქარის შემცველ შეტყობინებას ჩემი მისამართით. სამწუხაროდ, ნაწილი წამეშალა ან ვერ შევინახე. პ.ს. აქვე დავამატებ, რომ შსს-სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება.''

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ამავე კატეგორიაში