მუქარის საქმეზე მესამე სექტორი შსს-ს ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

12 ნოემბერი 2018, 00:00 2034 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტობის კანდიდატის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, განცხადებებით ეხმაურებიან. მესამე სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ისინი პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერებს სთხოვენ, მუქარისა და არაეთიკური ქცევებისგან თავი შეიკავონ. 

''დღეს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი.

ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში'' - წერია ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

''სამართლიანი არჩევნების'' წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე ისინი შეშფოთებას ადრეც გამოხატავდნენ

''კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა. მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი'' - წერია განცხადებაში. 

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები კი სალომე ზურაბიშვილს პირადად შეხვდებიან. 

''შევისწავლით საქმეს და კომპეტენციის ფარგლებში დავაკვირდებით. თუმცა, მანამდე აღვნიშნავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სავარაუდო მუქარის შემცველი ტექსტები, აუცილებელია სამართალდამცველებმა მოახდინონ რეაგირება. დღეს 16:00 საათზე ვხვდებით სალომე ზურაბიშვილს. გავეცნობით მეტ დეტალს და მონიტორინგს გავუწევთ ასევე საქმის მიმდინარეობას - ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა არასამთავრობო სექტორს დღეს მიმართავს.

ამავე კატეგორიაში