ბათუმის პორტში ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის აგებაზე ვმსჯელობთ - აჭარის მთავრობა 

16 ნოემბერი 2018, 00:00 2755 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან

განახლება 13:08 

ბათუმის პორტში და აჭარის მთავრობაში იმაზე მსჯელობენ, რომ პორტი ქიმიური ნივთიერებების მიმღები და გამტარი გახდეს.  ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს პორტის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, პორტის პროფკავშირების წევრებმა კი ეს იდეა ღიად გააპროტესტეს.  

მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, პირველი ორი წლის განმავლობაში, მე-7 ნავმისადგომთან 300 ათასი ტონა ქიმიური ტვირთი შემოსვლა იგეგმება, რაც ნავმისადგომის 40%-ია. ხოლო 5 წლის შემდეგ, პორტის მენეჯმენტი ქიმიური მასალების ტვირთბრუნვის მილიონ ტონამდე გაზრდას ფიქრობს.  

"ვინ აკეთებს ამაზე ზუსტად არ საუბრობენ, თქვეს დაახლოებით, თუმცა როგორც მივხვდით უკან ქართველები დგანან. ინფორმაცია ბოლომდე ღია არ არის. ზოგი ამბობს, რომ რუსული კომპანიაა, თუმცა კიდევ ერთხელ, დადასტურებულად არ ვიცი და ამიტომ ვერ გეუბნებით.  პორტის თანამშრომლებისთვის ეს დიდი რისკის შემცველია, თუ რაღაც დროში მილიონი ტონა უნდა დაამუშაონ,  ნიშნავს რომ  პორტის ინფრასტრუქტურა  ამ პროდუქციით მოიცვება, აქ დასაქმებულები ან უნდა წავიდნენ, ან ქიმიურ ნივთიერებებთან  იმუშაონ, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ეს არ არის დიდი პორტი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ტიპის მასალის გატარება შეუძლია, ახლაც კი, ორი ტვირთი თუ არის,  ვაგონები ერთმანეთს უშლის ხელს" , - ინფორმაცია კონფიდენციალურად მოგვაწოდეს (მაუწ​ყებელს წყაროსთან ჩაწერილი აუდიოფაილი აქვს,  ვინაობას მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ).   

მისივე ინფორმაციით, საუბარია 20 მილიონიან ინვესტიციაზე. სხვა დეტალებზე აჭარის მაუწყებელთან პორტის ადმინისტრაციამ ამ ეტაპზე არ ისაუბრა.  დაადასტურა მხოლოდ ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია "ვანდერნეტ ექსპრეს ინვესტმენტ გრუპთან", რომელიც, მათივე თქმით,  ქართული და საერთაშორისო კომპანიაა. 

ბათუმის პორტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე ინფორმაციას 25 მარტს ავრცელებს vestnikkavkaza.net-ი.  "საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Express LLP  ბათუმის პორტში მულტიმოდალური სატრანზიტო ტერმინალის აშენებას აპირებს.  შეთანხმებას Wondernet Express- ის წარმომადგენლებისა და ბათუმის პორტის ადმინისტრაციის მიერ ხელი  გუშინ მოეწერა. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონ დოლარს აღწევს" - უწერია გამოცემას. 

პორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ ქიმიურ ტვირთბრუნვაზე მიიღებენ თანხმობას,  მოიმატებს პორტში დასაქმებულთა რიცხვი. ამ ეტაპზე თანხმობა მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან სჭირდებათ. ​

ის, რომ თემა დაძრულია ადასტურებენ აჭარის მთავრობაშიც. თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი დღეს გააკეთა. მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ  თუ პროექტი დამტკიცდა "საფრთხის შემცველი არ იქნება". 

მეტ დეტალზე პორტის პროფკავშირები და თანამშრომლები საუბრობენ. ირწმუნებიან, რომ საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და პროცესი მალე დაიწყება. ამბობენ, რომ ამის თქმის საფუძველს მთავრობის თავმჯდომარის პორტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა აძლევს. 

‘’იგეგმება გოგირდისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობა, რაც ბათუმზე როგორც ტურისტულ ქალაქზე უარყოფითად აისახება, სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს მცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე და ასევე გამოიწვევს ნავსადგურში დასაქმებულთა შემცირებას. ნავსადგურის პროფკავშირულმა აქტივმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ‘’ - თქვა გუშინ ამირან მიქელაძემ, რომელიც პორტის პროფკავშირების თავმჯდომარეა.

‘’ნავსადგურის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი შევეწინააღმდეგეთ ამ პროექტს და მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ პრეზენტაცია არ ჩატარებულიყო, მაგრამ მურად ჯუმადილევმა, თავისი პირადი ინტერესების გამოყენებით,  ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და სამსახურიდან მათავისუფლებს’’ - ამბობს თენგიზ სურმანიძე, რომელიც ამ დრომდე პორტის თანამშრომელია.

პროფკავშირების და თანამშრომლების  პროტესტის მთავარი მიზეზი, მათი თქმით არის ის, რომ ტერმინალი ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის, ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ ტერმინალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდება. 

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი ღიად დაიწყო. პორტის მოგებამ 2017 წლისთვის 0.9 მილიონი დოლარი შეადგენა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 86%-ით ნაკლებია. წელს პორტში მენეჯმენტი ვარაუდობდნენ, რომ ზარალზე იმუშავებენ.

 

ამავე კატეგორიაში