შავი სიაში მოხვედრილებისთვის ვალების ჩამოწერა, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს - რამდენიმე NGO შეფასება

19 ნოემბერი 2018, 00:00 3045 ნახვა

მთავრობის მხრიდან შავ სიაში არსებული 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის დაანონსება მესამე სექტორმა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლო მოსყიდვის ფაქტად შეაფასა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი on.ge ამბობს, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი სოციალური გასაცემლების, ან/და შეღავათების დაწესება, რომელიც არჩევნების დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიას ეკრძალება კანდიდატის თუ ამა თუ იმ სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების, მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარკვეული საქონლის შეთავაზება, მომსახურება, მიყიდვა, ან მიწოდება"-  განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ კი “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი პირებისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ ვალების დაფარვის სამართლებრივი კვალიფიკაცია ამომრჩევლის მოსყიდვაა.

“ვფიქრობ, ამომრჩევლის მოსყიდვის გარდა, ამ ინიციატივას სხვა პრობლემაც აქვს – უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც, ასევე, შეიძლება ძალიან მძიმე ეკონომიკური პირობები აქვთ, მაგრამ ძალიან პატიოსნად იხდიან თავის ვალს და არ აღმოჩნდნენ ე.წ. შავ სიაში. ეს გადაწყვეტილება გაუგებარ  ვითარებას წარმოშობს, როდესაც ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ  განცდა, რომ  შეიძლება აიღონ ვალები და არ გადაიხადონ, რადგან რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს ექნება ვალდებულება იმისა, რომ ამ ვალის გასტუმრება თავის თავზე აიღოს. ამიტომ ეს სახელმწიფოებრივადაც დამაზიანებელი ინიციატივაა და არ შეიძლება, რომ არჩევნების გულისთვის ხელისუფლება ყველაფერზე წავიდეს”, – უთხრა ინტერნეტგამოცემას ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ფონდ “ქართუს” მიერ თანხების გადახდა ცალსახად კვალიფიცირდება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და ოპოზიციურ კანდიდატს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. ამომრჩევლის მოსყიდვაზე სანქცია კი, ბენიძის განმარტებით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნაა.

„მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დაძლევის თაობაზე, შესაძლოა, არჩევნების ბედიც კი გადაწყვიტოს“, - ასე ფიქრობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში". 

პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ „საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია რაიმე სიკეთის გადაცემა ან სიკეთის გადაცემის დაპირება საარჩევნო მიზნით, გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ საბიუჯეტო თანხების განაწილებაზე. ამ შემთხვევაში კი, უკვე ვიცით, რომ ამ თანხას ფარავს ფონდი „ქართუ“. მთავრობას ამ ვალების ჩამოჭრა სოციალური დახმარებასავით გამოუვიდა, თუმცა ფაქტია, რომ აქ აშკარა მოტივაცია არჩევნებია. თან იმდენად დიდ თანხაზე და ბევრ ადამიანზეა საუბარი, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა არჩევნების შედეგებიც კი გადაწყვიტოს“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი. 

პრემიერ მინისტრმა შავ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოქალაქეებს რომლებმაც 2000 ლარამდე სესხები ჰქონდათ და ვერ გადაიხადეს, მათ ეს თანხები ახალ წლამდე ჩამოეწერებათ. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით კი, 2018 წლის 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

მინისტრის განმარტებით, 600 ათას ადამიანს, რომლებსაც ვალი ჩამოეჭრებათ, მათ გადასახდელ თანხას მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავს.

ამავე კატეგორიაში