''გაუგონარი ცილისწამება'' - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ''შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის'' ბრალდებაზე

20 ნოემბერი 2018, 00:00 1899 ნახვა

"გაუგონარი ცილისწამება" - ასე შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა “ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის“ თაობაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება. 

„იმედი მაქვს ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულბებს მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის" - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ. 

გიორგაძის განცხადებითვე, საქართველოში ბიომეტრიული პასპორტებს მხოლოდ ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში ბეჭდავენ. ამ ჩამონათვალში არ არის წალენჯიხა და გარდაბანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს. “არ არსებობს დღე, როცა ვიღაც არ არის მივლინებაში”, – განაცხადა გიორგაძემ და იქვე დააზუსტა, რომ ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აღნიშნულ ორ რაიონებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება. უწყების განცხადებით საქარათველოს მასშტაბით არსად მზადდება არც ლამინირებული პასპორტები. 

მესამე სექტორის წევრებმა დღეს ბრიფინგზე თქვეს, რომ ყალბი პასპორტების დამზადება მიმდინარეობს. ინფორმაცია კი მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, წყარო ამბობს, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

ამავე კატეგორიაში