ყალბი პასპორტების სავარაუდო დამზადების საქმეზე, მესამე სექტორის წარმომადგენლებს პროკურატურაში გამოკითხავენ

21 ნოემბერი 2018, 00:00 1952 ნახვა

მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ყალბი პასპორტების სავარაუდო დამზადების საქმეზე, დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. უწყებაში დაბარებულები არიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'',  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელები. 

ეკა გიგაურის დაკითხვა დღეს 12:00 საათზე დაიწყება, 12:30 საათზე საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი გამოიკითხება, ხოლო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე პროკურატურაში 16:00 საათზეა დაბარებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი პროკურატურაში უკვე მივიდა.   

გამოძიების ფარგლებში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძეც გამოიკითხებიან. ისინი უწყებაში 17:00 საათზე მივლენ.

სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმესთან დაკავშირებით გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მესამე სექტორი აცხადებს, რომ ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის სქემაში ჩართულები არიან სახელმწიფო სერვისების მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

გიორგაძემ და ობგაიძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი აქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში