ხელვაჩაურის 83-ოლქის 20- უბანზე, 10 საათზე "გაერთიანებული ოპოზიციის" საჩივარი შევიდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებლები არიან სოფლის რწმუნებულები, "ქართული ოცნების" აგიტატორები" და ეწევიან საარჩევნო აგიტაციას. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიშა ბოლქვაძის განცხადებით, რიგდება საწვავის ტალონებიც.
"არ იკმარეს აგიტაცია და საწვავის ტალონების დარიგებაც მიმდინარეობს, დგანან სოფლის რწმუნებულები და მართველი პარტიის აგიტატორები, ამომრჩევლები გაჰყავთ გვერდით და მათ ეუბნებიან, რომ შემოხაზონ 48 ნომერი. მივმართავ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომ მოახდინონ რეაგირება ამ დარღვევაზე" - აცხადებს მაუწყებელთან მიშა ბოლქვაძე.
ხელვაჩაურის 20-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა ნანული კახიძემ დაწერა საჩივარი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის ჩატარების თაობაზე, საჩივარი დარეგისტრირდა 47 ნომრით. "განიხილა უბნის კომისიამ და ვინაიდან სარჩელში მოყვანილ ფაქტები უბნის გარეთ ხდებოდა, ის დარღვევად არ ჩავთვალეთ, თუმცა სარჩელი დავარეგისტრირეთ" - ამბობს უბნის თავმჯდომარე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პირი, რომელსაც ტალონების დარიგებაში ადანაშაულებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამბობს რომ ბიძაშვილს ელაპარაკებოდა და არ არიგებდა ტალონებს.
"რომელ ტალონს ვურიგებ, რას ვურიგებდი, არაფერი მსგავსი არ მახსოვს საერთოდ. არაფერს არ ვარიგებდი, უბრალოდ ბიძაშვილს აღარ დაველაპარაკო, ვააა გადამრიეთ" - განაცხადა ჯუმბერ დევაძემ.