საია: მარნეულში 49-ე უბნზე კენჭისყრის შეჩერებას და პროკურატურას არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ვთხოვთ

28 ნოემბერი 2018, 00:00 1843 ნახვა

საია მარნეულში 49-ე უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერებას ითხოვს და პროკურატურას არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს - განცხადება ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ გააკეთა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მარნეულში სავარაუდოდ ერთ და იგივე მოქალაქემ ორჯერ მისცა ხმა და მას უბანზე მესამედ შესვლის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მისი მარკირება  დამკვირვებლებმა შეამჩნიეს და აღარ შეუშვეს უბანზე.  

საიას თავმჯდომარემ ფოტოებიც წარმოადგინა, სადაც ჩანს სავარაუდოდ ერთი და იგივე პირი, 2 საათიანი შუალედით, როგორ აძლევს ხმას და აგდებს ბიულეტენს ყუთში. სულხან სალაძის მტკიცებით, ეს პიროვნება ცესკოს მონაცემთა ბაზის მიხედვით არ არის იმ უბნის ამომრჩეველი, სადაც მისცა ხმა. 

"#49 უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი. უბანზე ხმა მისცა ამომარჩეველმა - სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის #48 უბანზე. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა, განმეორებით სცადა #49 უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ, მან უბანი დატოვა.

გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად - 11:32 წთ-ზე, ხოლო მეორედ - 14:08 წთ-ზე (იხ. ფოტოები). საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი.

საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე 15:25 წუთზე 5 პირს, რომელსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.

ამ დრომდე დაფიქსირებული დარღვევების გამო, საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას (აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი) და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე" -  თქვა სულხან სალაძემ

ამავე კატეგორიაში