გიგი უგულავა მთელ საქართველოს სძულს - რაულ თავართქილაძე

30 ნოემბერი 2018, 00:00 2447 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ბრალდებას, ყოფილმა თანაპარტიელმა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უპასუხა. რაულ თავართქილაძემ გუნდი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, მაშინ უგულავამ განაცხადა, რომ ის სუს-ის წევრებმა დააშინეს.

რაულ თავართქილაძე დღეს პირველად თქვა, რომ გიგი უგულავა მთელ საქართველოს სძულს.  

''ის რაც ჩემზე თქვა ბინძური ბრალდებაა. ეს არის გიგი უგულავას სტილი. ის პარტიის დიდი პრობლემაა. მთელ საქართველოს სძულს უგულავა''.

საკრებულოს წევრმა ყოფილ თანაგუნდელს 2004 წელი დღეს ბათუმიდან შეახსენა. თავართქილაძე ამბობს, რომ ასლან აბაშიძის ქონების ნაწილი გიგი უგულავამ ჩაიგდო ხელში. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილით კი უგულავას ცოლი სარგებლობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, უგულავასთან დაკავშირებული ინფორმაცია დღეს რატომ გაახმოვანა და ამის შესახებ წლების წინ თუ იცოდა, თავართქილაძე ასე პასუხობს: ''ბევრი რამ ახლა გავიგე, ამ ბოლო პერიოდში, რაღაცეები არ ვიცოდი. ვისგან და როგორ, ყველაფერ ვერ გეტყვით. ის არის ოდიოზური ფიგურა და პოლიტიკოსი''. 

განცხადებას საკრებულოს მმართველი პარტიის წევრების ტაში მოჰყვა.

დეპუტატი ირწმუნება რომ არცერთ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს. ''მე ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი. ქალაქის საკეთილდღეოდ ყველასთან კონსტრუქციულად ვითანამშრომლებ. ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული არ ვიქნები. ''ქართული ოცნების'' გუნდში გადასვლაზე შემოთავაზება არ ყოფილა. დღეს ჩემი განცხადების შემდეგ, უბრალოდ გამოხატეს ემოცია და ტაში მაგიტომ დაუკრეს. კოლეგები არიან და კოლეგიალური ჟესტი იყო.''

რაულ თავართქილაძე ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. ის საკრებულოში 2017 წელს ''ევროპული საქართველოს'' კვოტით მოხვდა. 

ამბობს, რომ პარტიის ლიდერებთან გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია, კონსულტაციები არ ჰქონია და არც მომავალში აპირებს ამ საკითხის მათთან განხილვას. 
 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში