განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით

09 დეკემბერი 2018, 00:00 1570 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას“ ავრცელებს. სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებზეა საუბარი. ტექსტში შეშფოთებაა გამოთქმული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

„ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოიქცნენ ამგვარად.მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დიდ სასიკეთო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე.“-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში