მთავრობის თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისება ისახავს მიზნად - მესამე სექტორის შეფასებები

10 დეკემბერი 2018, 00:00 2259 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მესამე სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ თქვა, რომ ქიქავების და სხვა ოპონენტების გამოსვლები ყოველგვარ ზღვარს ცდება და მათზე პირადად იძიებს შურს. პოლიტიკური ველი კი ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ძალადობის წახალისებას ემსახურება. 

''საარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში, სადაც აგრესიულობის ხარისხი და სიძულვილის ენით საუბარი იყო საკმაოდ ხშირი. დღეს მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს დაძაბული რეჟიმი კვლავ გრძელდება. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ძალადობის წახალისება ისახავს მიზნად. მსგავს ტონალობაში საუბარი მიუღებელია'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ანა მდინარაძემ.

პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ ხისტ განცხადებებში  წახალისების საფრთხეს ხედავს ასლან ჭანიძეც. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ეს შესაძლოა მოწოდებად ჩათვალონ. 

''მგონი სწორი განცხადება არ იყო. ბუნებრივია მთავრობის თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მაგრამ ნებისმიერი განცხადების გაკეთების წინ უნდა იყოს გათვალისწინებული რამდენიმე ფაქტორი. ამ განცხადებას შეიძლება მოყვეს გარკვეული რეაქცია იმ ჯგუფისა, რომლებიც არ არიან გაწონასწორებულები. შეიძლება ეს მოწოდებად ჩათვალონ. მე ვსაუბრობ იმ მომენტზე, როდესაც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ''პირადად იძიებს შურს.'' არა მგონია, რომ საჯარო მოხელეები პოლიტიკოსები ან თანამდებობის პირები ამ ტიპის განცხადებით უნდა პასუხობდნენ თავის ოპონენტებს. ჯელალ ქიქავას განცხადებას არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განცხადებას იმავე სტილში უნდა უპასუხო'' - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ასლან ჭანიძემ

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას სახალხო დამცველიც აფასებს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საჯარო თანამდებობის პირისგან მუქარის შემცველი, არაეთიკური ან დისკრიმინაციული განცხადებები  რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ოპონენტის შეფასების შესახებ ვიდეო აჭარის მთავრობის ოფიციალურ ფბ გვერდზე გუშინ, 9 დეკემბერს საღამოს გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში