შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა აქციების ორგანიზატორებს

16 დეკემბერი 2018, 00:00 1352 ნახვა

დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ტექსტში წერია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ამავე კატეგორიაში