კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდა

16 დეკემბერი 2018, 00:00 1615 ნახვა

პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ქვეყანაში 11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.  ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის არჩევის წესი,  პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ინარჩუნებს სტატუსს, რომლის მიხედვით, ის არის სახელმწიფოს მეთაური, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი,  უმაღლესი მთავარსარდალი და და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.  ახალი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკები შექმნან. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.  კონსტიტუციაში ცვლილება განიცადა პარლამენტის ადგილმდებარეობამაც.

2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად გადავა. ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.  უქმდება უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება. დღეიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა.  ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულება გახდა. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტის ახალი რეგლამენტი და დეპუტატთა ეთიკის კოდექსი ამოქმედდა, დეპუტატს, რომელიც სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. დღეიდან პრემიერს ენიჭება უფლებამოსილება, თავად გამოვიდეს საკუთარი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ინიციატივით. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა კი გამარტივდა. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში