ცესკოში ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში უნდა მიიღონ

22 დეკემბერი 2018, 00:00 1453 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს, კენჭისყრა  ფარულია. იმ შემთხვევაში თუ 5 დღის ვადაში თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიას და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

   ღია კონკურსი გამოცხადდა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად. პრეზიდენტის განკარგულების ტექსტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. დოკუმენტის მიხედვით, თუ განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.

ამავე კატეგორიაში