პროკურატურის და პენიტენციური სამსახურის განმარტება მოშიმშილე მსჯავრდებულთან დაკავშირებით

22 დეკემბერი 2018, 00:00 1528 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარმა ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა. უწყების ცნობით ირაკლი ჩხეიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლოში კი, ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის განხილვა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჩხეიძეს საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა. 

მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იხდის სასჯელს, სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა მათივე ცნობით, დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძემ მკურნალ ექიმს დღესაც არ მისცა მისი გასინჯვის უფლება. მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში