ბათუმი რივიერას პროექტი – საკრებულომ განკარგულება მიიღო

27 დეკემბერი 2018, 00:00 3660 ნახვა

ბათუმის საკრებულო 15 დეპუტატის გადაწყვეტილებით, რივიერას ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის მშენებელ კომპანიას "სილქროუდ ჯგუფს" დავალება მიეცა, რომ 6 ჰექტარ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მოამზადოს. 

ქალაქის ხელმძღვანელობამ ამ გადაწყვეტილებით კომპანიას მისცა საშუალება თავად გააკეთოს კვლევა რა მასშტაბების მშენებლობის წარმოება შეუძლია, რა ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე დაგეგმილი მშენებლობები. თავადვე უნდა გააკეთოს გეოლოგიური კვლევა, დაიქირაონ სპეციალისტები და მათ დასკვნების საფუძველზე პროექტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

გადაწყვეტილების მიღებამდე, მერიის წარმომადგენელმა დეპუტატებს უთხრა, რომ არ იციან რა მასშტაბის და რომელი კლასის მშენებლობა იგეგმება ამ ტერიტორიაზე. მისი თქმით, კანონის შესაბამისად, გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) ნებართვის მიღების ეტაპზე, ამ დოკუმენტების წარდგენა კომპანიას არ ევალება. 

"ვიცით, რომ ჩატარდა პრეზენტაციები და საზოგადოების ნაწილს გააცნეს პროექტი, რომლის განხორციელება სურს "სილქროუდ ჯგუფს" აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა ოფიციალურად მერიაში არ წარმოუდგენია მაკეტის სახით, ამას კანონი არ ავალდებულებს" - თქვა მერიის წარმომადგენელმა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნატალია ზოიძეც ირწმუნება, რომ საერთოდ არ იცის რა პროექტის განხორციელება იგეგმება, თუმცა იცის, რომ საზოგადოება და "მთელი ქალაქი" ჩართულია ამ პროცესში. მან გრგ-ს დავალებას მხარი დაუჭირა. 

"მინდა გავაკეთოთ წესის მიხედვით ყველაფერი, ვიცი რომ მთელი ქალაქი ჩართულია ამ ამბავში და ყურადღებით აკვირდება პროექტს. ვიცი, რომ 20 დღიანი ვადის შემდეგ წარმოება უნდა დასრულდეს. მივცეთ კომპანიას საშუალება წარმოადგინოს კვლევები, გარემოზე ზემოქმედების შეფასება გააკეთოს, სპეციალისტის შეფასებები წარმოადგინოს, ხომ არ უშლის ეს პროექტი ქალაქის ვინტილაციას ხელს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება" - განაცხადა ნატალია ზოიძემ. 

"ქალბატონო ნატალია, თქვენ შეცდომაში შეგყავთ კოლეგები, თითქოს კანონით ხართ ვალდებული დაუჭიროთ მხარი დავალების გაცემას, თითქოს კანონით ასე უნდა მოხდეს და აუცილებელია თქვენ წესს მიჰყვეთ. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, ეს სავალდებულოა არაა, თუმცა სავალდებულო ნამდვილადაა მოუსმინოთ მოქალაქეებს, მოუსმინოთ საზოგადოებას და იმის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილება" - უთხრა საზოგადოება ''ბათომის" წევრმა ირმა ზოიძემ დეპუტატს.  

საკრებულოს სხდომაზე  არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც სთხოვდნენ საკრებულოს დეპუტატებს არ მიეცათ გრგ-ს დავალება კომპანიისთვის. 

''ამ ადგილის უკან დგას ძველი ბათუმი. მე როგორც ექიმი მიმიწვდებოდა ხელი და თითქმის ყველა სახლი მაქვს ჩამოვლილი. მე ვიცი იქ რა პირობებია და როგორ დაიმარხება ეს ძველი ბათუმი'', - თქვა სიტყვით გამოსვლისას ექიმმა ზეინაბ დიასამიძემ.

ახმეტელის ქუჩაზე მცხოვრებლების სახელით საკრებულოში, სალომე ცეცხლაძემაც ისაუბრა.  სწორედ ამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იგეგმება მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა - ​''მე ახმეტელის ქუჩას წარმოვადგენ, სათთაოდ მაქვს ჩამოვლილი 6 ვე კორპუსის ყველა ბინა, არცერთი მოქალაქე არ არის მომხრე რივიერას ტერიტორიაზე ამდენი ცათამბჯენი აშენდეს. ასევე ფიქრობენ ძველი ბათუმის ტერიტორიის მცხოვრებლების ნაწილიც. მოქალაქებს მოუსმინეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება'' -  მიმართა სალომემ დეპუტატებს. 

სხდომაზე კენჭისყრამდე, კიდევ ერთ მოქალაქეს სურდა აზრის გამოხატვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ მას უთხრა: "მგონი საკმარისია,  მოვისმინეთ მოსაზრებები და ყველა ერთ აზრზე ხართ".

ვიდრე საკრებულო რივიერას მფლობელებს გრგს დავალებას მისცემდნენ, მანამდე დეპუტატებმა ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმის ტექნიკურ დავალება დაამტკიცეს. მინიმუმ 2 წელში, მერიის პროგნოზით, ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთ დეპუტატს მიხეილ ართმელაძეს კითხვა გაუჩნდა, თუ ქალაქის გენერალურ გეგმა მუშავდება, ხომ არ იქნება განსხვავება ამ ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შემუშავებული გრგსა და გენერალური გეგმის შორის? ხომ არ ჩქარობს ქალაქი ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას? 

ამ კითხვაზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონით 20 000 კვადრატული მეტრის ფართობზე კომპანიას აქვს გრგ დავალების მოთხოვნის უფლება. 

დეპუტატმა კოლეგების აზრი აღარ გაიზიარა და ხმა კომპანიისთვის გრგ დავალების მიცემას მხარი არ დაუჭირა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში