უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად გაფორმდა

05 იანვარი 2019, 00:00 1897 ნახვა

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა. ტომოსს ხელი მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ  მოაწერა. ცერემონია სტამბოლში გაიმართა. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მე-15 ადგილობრივი ეკლესია გახდა. ღონისძიებას უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. 6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოს გადასცემენ.

გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა. კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ. სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა. კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ დაუფიქსირებია.

ამავე კატეგორიაში