ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის მოტივად მოსამართლეების სიის დასახელება

10 იანვარი 2019, 00:00 2112 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა და მხარი პარლამენტის თავმჯდომარეს დაუჭირა. 

განცხადებაში ივანიშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიამ დაარღვია გუნდურობის პრინციპი და მისი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა არ უკავშირდება მოსამართლეების სიას და დასახელებული კანდიდატების მიუღებლობას. ივანიშვილის იმეორებს ირაკლი კობახიძის განცხადებას და ამბობს, რომ ეკა ბესელიას ამ თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებაა. 

"მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არ წარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ" წერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში