''მართლმსაჯულების გადასარჩენად'' - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს

21 იანვარი 2019, 00:00 1654 ნახვა

"გაათავისუფლეთ სასამართლო", "ხალხი შეურაცხყოფილია, დაიშალეთ", ''მართლმსაჯულება გადასარჩენია" - ამ ლოზუნგებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, იურისტები, მწერლები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხს აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების ამბობენ, რომ სამოქალაქო პროტესტს ყველა მოქალაქე უნდა შემოუერთდეს. 

ორგანიზატორები დღესვე ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად გაწერეს. 

1. ''დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირა მოსამართლეთა აღნიშნული სიის წარდგენას პარლამენტში''. 

2. ''დაუყოვნებლივ გადადგნენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე. 

3. საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ფართო ჩართულობით და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატურის შერჩევას უზრუნველყოფენ''.

4. ''უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურის შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.''

15 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრებმა  ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე, პარლამენტს ინიციატივით მიმართეს.

იმავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი და საპარლამენტო ფორმატი.

პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სია გახდა ''ქართულ ოცნებაში'' დაპირისპირების მიზეზიც. ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში