უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ

21 იანვარი 2019, 00:00 1832 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

''საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს – არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს  ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები.

ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს'' – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში