მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორესთან უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს

30 იანვარი 2019, 00:00 1601 ნახვა

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები სულ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ საპატრიარქოში, სადაც ილია მეორეს და სინოდის რამდენიმე წევრს შეხვდებიან.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა.

საგანგებოდ ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოში გვიან საღამოს ჩამოვიდა მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს და სწორედ ის იყო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია ამ დრომდე ღიად არ დაუფიქსირებია. 

გუშინ კი ამ საკითხზე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინის ავტოკეფალიის მხარდმჭერებსა და მოწინააღმდეგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. "უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს. ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ჩვენი მცდელობა, – ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირები" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში