რუსეთს ქართველების დეპორტაციისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს

31 იანვარი 2019, 00:00 2427 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება  გამოაცხადა. რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს - ინფორმაციას ON.GE ავრცელებს. 

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

რუსეთის ფედერაციამ უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა დაზარალებულებზე გადანაწილდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 18 თვეში უნდა მოხდეს განსაზღვრა თუ როგორ გადანაწილდება ეს თანხა დეპორტირებულებზე.   „გადაწყვეტილებაში მითითებულია, როგორ უნდა განაწილდეს ეს თანხა, მაგრამ შესამუშავებელი დარჩება მექანიზმი და ამისთვის 18 თვე გვაქვს მოცემული. ნათქვამია, რომ ისინი, ვინც მხოლოდ გამოძევების მსხვერპლი იყვნენ, 2 ათას ევროს მიიღებენ მორალური კომპენსაციის სახით, მაგრამ მათ, ვინც ასევე არაადამიანური მოპყრობის ან უკანონო დაკავებისა და პატიმრობის მსხვერპლი გახდნენ, დამატებით უნდა მიიღონ 10 ათასიდან 15 ათასი ევრო. ეს არის ჩარჩოები, რაც დაადგინა დღეს დიდმა პალატამ“, – განმარტა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში