სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა

05 თებერვალი 2019, 00:00 2953 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის 1176 ნიმუში გამოიკვლიეს, ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა კი 23 შემთხვევაში გამოვლინდა. დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობეს და პროდუქცია სარეალიზაციო ბაზრიდან ამოიღეს. 

დარღვევები გამოვლინდა აჭარაში აღებულ რამდენიმე საკვლევ ნიმუშშიც, მათ შორის სვანურ მარილში, რომელსაც ბათუმსა და ქობულეთში ყიდდნენ. 

2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. 

''2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა, გასულ წელს 8. სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობის შემცირება განაპირობა ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვალს დადგენილებით, ბაზრობებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში, ფიზიკურ პირს არ შეუძლია დაფქვას და გაყიდოს სუნელები.  მათთვის  პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული თუ ნედლეულის დაფქვა მომხმარებლის თანდასწრებით, ადგილზე მოხდება. 

 

 

ფოტო: კონსტანტინე სტალინსკი

ამავე კატეგორიაში